ლ.ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიყრი წყაროებისა და საელექტროდე მასალების ლაბორატორია
ლაბორატორია ჩამოყალიბდა 1961 წელს გამოყენებითი ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის შემადგენლობაში, შემდგომში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ლევან ჯაფარიძის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით, რომელიც იყო მისი ხელმძღვანელი მრავალი წლის განმავლობაში, ლაბორატორიის კვლევების ძირითადი მიმართულება თავიდანვე იყო პრაქტიკაში ყველაზე მეტად გავრცელებული დენის ქიმიური წყაროების – მანგანუმ-თუთიის სისტემის გალვანური ელემენტების სრულყოფა და მათ დასამზადებლად საჭირო აქტიური მასალების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება.
ჩატარებული სამეცნიერო-კვლევითი და საცდელ-საკონსტრუქტორო სამუშაოების საფუძველზე რუსთავის ქიმკომბინატში (ამჟამად სააქციო საზოგადოება „აზოტი“) 1974 წელს ექსპლუატაციაში გაიშვა ყოფილ საბჭოთა კავშირსა და აღმოსავლეთ ევროპაში პირველი ელექტროლიზური მანგანუმის დიოქსიდის (ემდ) დამამზადებელი საამქრო ნედლეულად ჭიათურის მანგანუმის მადნების გამოყენებით. საწარმოო პირობებში მიღებულ ემდ-ს მინიჭებული ჰქონდა ხარისხის ნიშანი. პროდუქციის მაღალი ხარისხი, პირველ რიგში, განპირობებული იყო ლაბორატორიაში დამუშავებული მაღალეფექტური ტიტანის ანოდების გამოყენებით, რომლებზედაც გაცემულია 20-ზე მეტი საავტორო მოწმობა და პატენტი, მათ შორის საზღვარგარეთის ქვეყნების (აშშ, გერმანია, ინდოეთი, ესპანეთი).
უკანასკნელ წლებში ლ. ჯაფარიძის სახელობის დენის ქიმიური წყაროებისა და საელექტროდე მასალების ლაბორატორიაში მიმდინრეობს ინტენსიური კვლევები ინსტიტუტის ათწლიანი პერსპექტიული გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების ფარგლებში. 2008-2017 წლებში შ.რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით დამუშავდა და მუშავდბა 8 საგრანტო პროექტი (დასახელებები იხილეთ ქვემოთ).
ამჟამად ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ტ.მ.კ. თემურ ჩახუნაშვილი.
ლაბორატორიის შიგნით ამჟამად მუშავდება დენის ქიმიურ წყაროებთან და აგრეთვე სხვა პროცესებთან დაკავშირებული რამდენიმე მიმართულება, როგორიცაა საქართველოს მანგანუმშემცველი ნედლეულიდან ემდ-ისა და სხვა მნიშვნელოვანი პროდუქციის მიღების ტექნოლოგიის დამუშავება და სრულყოფა (ხელმძღვანელი ტ.მ.კ. თ.ჩახუნაშვილი), ყველაზე ენერგოტევადი დენის ქიმიური წყაროების – ლითიუმ-იონური აკუმულატორებისათვის პერსპექტიული საკათოდე მასალების დამუშავება (ხელმძღვანელი ქ.მ.დ. ე.ქაჩიბაია), ფხვნილოვანი ემდ-ისა და მეტალთა ფხვნილების მიღება ელექტროქიმიური მეთოდით და ელექტროქიმიური კონდენსატორების დამუშავება (ხელმძღვანელი ქ.მ.კ., გ.ცაგარელი), ახალი თაობის ნახშირბადული მასალების გამოყენება ელექტროდებად მანგანუმის დიოქსიდის ელექტროსინთეზში და დენგამტარ დანამატად მანგანუმ-თუთიის სისტემის დენის ქიმიურ წყაროებში (ხელმძღვანელი, ტ.მ.კ. ჟ.ქებაძე), ფერადი ლითონების შემცველი ჩამდინარე წყლების გაწმენდის ტექნოლოგიის დამუშავება ძვირადღირებული კომპონენტების ამოღებით (ხელმღვანელი ტ.მ.კ რ.დუნდუა), სამრეწველო და კარიერული წყლების ელექტროლიზური გაწმენდა სპილენძის იონებისაგან ნახშირბადოვანი მასალების გამოყენებით (ხელმძღვანელი ტ.მ.კ. ც.გაგნიძე).
ამჟამად ლაბორატორიაში ირიცხება 18 თანამშრომელი, მათ შორის 2 მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, 9 უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, 5 მეცნიერი თანამშრომელი, ერთი ინჟინერი, 1 ლაბორანტი.
ლაბორატორია აღჭურვილია რიგი მნიშვნელოვანი მოწყობილობით, რომელთა გამოყენებით გარეშე ორგანიზაციების დაკვეთით შესაძლებელია ჩატარდეს გამსხვილებული მასშტაბის ქიმიურ-ტექნოლოგიური ხასიათის საცდელი სამუშაოები (მყარი ნედლეულისა და მასალების შრობა, დამსხვრევა, დაფქვა, აღდგენითი და ჟანგვითი გამოწვა, გამოტუტვა, გაფილტვრა, ელექტროლიზი კოროზიულად მედეგი ამონაგის მქონე აბაზანებში როგორც ოთახის, ისე მაღალ ტემპერატურაზე – 90÷95°C). აღნიშნული მოწყობილობის ჩამონათვალი შემდეგია: ბურთულებიანი დოლური წისქვილები წარმადობით 10-100 კგ/სთ, ყბებიანი სამსხვრეველა ~200 კგ/სთ წარმადობით, უწყვეტი მოქმედებით მბრუნავი დოლური ელექტროღუმელი 500 კგ/დღე-ღამეში წარმადობით, უჟანგავი ფოლადით ამოგებული ორთქლის პერანგიანი ცილინდრული რეაქტორი მოცულობით 1000 ლიტრი, მომინანქრებული და უჟანგავი ფოლადის ავტოკლავები 60ლ-მდე მოცულობით, ფაიფურის მუშა ნაწილების მქონე ცენტრიდანული ტუმბოები წარმადობით 12 მ3/სთ, ნუტჩ-ფილტრი 0,5 კვ.მ. ფილტრაციის ფართთ, დეკანტატორი 2 მ3 მოცულობით, ელექტროლიზური აბაზანა 1.3 მ3 მოცულობით, ელექტრული გამმართველი 3200 ამპერი ნომინალური დენით, მყარი და თხევადი მასალების საცავები 200÷2000 ლ ტევადობით, ჰაერის კომპრესორები 8 ატმ. წნევაზე და სხვა.