ა.ავალიანის სახელობის ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში ლღობილთა ელექტროლიზის ლაბორატორია 1965 წელს დაარსეს, ჩვენმა სასიქადულო მამულიშვილებმა: მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთმა საიმედო ჯავშანმა — დიდმა ქიმიკოსმა რაფიელ აგლაძემ და შესანიშნავმა ქიმიკოსმა და პატრიოტმა აპოლონ ავალიანმა.
ამ პროფილის ლაბორატორია (კვლევები ძირითადად ტარდება მაღალ 600-1200°C ტემპერატურებზე, გამღვალ ელექტროლიტებში) რეგიონში ერთადერთია, საბჭოთა სივრცეში კი იყო სულ ხუთი. ლაბორატორიის შექმნა უდავოდ მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან მეტალთა უმრავლესობის მიღება და რაფინირება მხოლოდ გამღვალ ნაერთებიდან არის შესაძლებელი. ბატონმა აპოლონმა პირველმა მიიღო ლითონური კადმიუმი ნალღობი ელექტროლიტიდან.
ლაბორატორიაში ამჟამად არის 8 თანამშრომელი: ნოდარ გასვიანი ქიმ.მეც. დოქტორი — 1988 წლიდან ლაბორატორიის ხელმძღვანელი და მთავარი მეცნიერთანამშრომელი, ომარ წიკლაური — მთავარი მეცნიერთანამშრომელი, გულნარა ყიფიანი და მარინე ხუციშვილი — უფროსი მეცნიერთანამშრომელი, სერგო გასვიანი და ლია აბაზაძე — მეცნიერთანამშრომელი, ნინო სხილაძე და გრიგოლ იმნაძე — ინჟინერი.
დღეისათვის ლაბორატორიაში კვლევები მიმდინარეობს ორი მიმართულებით:
- პირველად პრაქტიკაში მიღებულია დაბალტემპერატურული (100°C) ალუმინის კოროზია და თერმომედეგი დანაფარები. მიღებულია ტიტანის, ცირკონიუმის, ტანტალისა და სხვა ლითონების დანაფარები, ამ დროს პარალელურად ადგილი აქვს სარჩული ლითონების ზედაპირულ ელექტროქიმიურ ლეგირებას;
- ალუმინის, მანგანუმის, ძნელადლღობადი და იშვიათი ლითონების (Y, Ti, Zr, Hf, V, Nb, Ta, Mo, W) ბორის და სილიციუმის შემცველი ჰალოგენიდური და ოქსი-ჰალოგენიდური ნაერთების ნალღობთა ელექტროლიზით 600-800°C ტემპერატურებზე მიღებულია ოთხი ათეული კომპოზიციური ნივთიერება, როგორც ცალკე ფხვნილების, ასევე დანაფარების სახით.