გ.აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია
ლაბორატორია ჩამოყალიბებული იყო 1956 წელს აკად. რ.აგლაძის მიერ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის შექმნისთანავე, რომელსაც ხელმძღვანელობდა გარდაცვალებამდე (1989წ).
ლაბორატორიის მთავარი მიმართულება, მიზანი იყო და არის საქართველოს მთავარი წიაღისეული სიმდიდრის — მანგანუმის მადნებიდან მისი სუფთა სახით და სხვადასხვა ნაერთების სახით მიღების ორიგინალური ტექნოლოგიების შემუშავება, სრულყოფა და წარმოებაში დანერგვა. ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები მანგანუმშემცველი (Mn—Zn, Mn—Cu, Mn—Zn—Cu, Mn—Co, Mn—Ni) კოროზიამედეგი და სხვა გარკვეული ფუნქციონალური თვისებების მქონე შენადნობებისა და კომპოზიციური გალვანური დანაფარების მიღების მიმართულებით. ბოლო წლებში ლაბორატორიაში წარმატებით ვითარდება სამუშაოები, რომლებიც ეხება ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების ტოქსიკური ორგანული მინარევებისაგან გაწმენდის ელექტროქიმიური ტექნოლოგიების საფუძვლების შემუშავებას და ახალი ტიპის სათბობის ელემენტების შექმნას ელექტროენერგიისა და „მწვანე რეაგენტის“ — წყალბადის პეროქსიდის ერთდროული თანაგენერაციით, გაუმჯობესებული საექსპლოატაციო თვისებების (ცვეთა- და პასივაციისადმი მედეგობა, გაზრდილი ჭეშმარიტი ზედაპირი, ელექტროკატალიზური თვისებები) მქონე საელექტროდე მასალების, კომპაქტური ელექტროლიზერების შემუშავებას.
ლაბორატორიის არსებობის პერიოდში თანამშრომლების მიერ გამოქვეყნებულია 550-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენცია-ფორუმების მასალებში, 50-ზე მეტი საავტორო გამოგონება, ლიცენზიები. აკად. რ. აგლაძის რედაქტირებით გამოქვეყნებულია სამეცნიერო ნაშრომების კრებული „მანგანუმის ელექტროქიმია“ (9ტომი).
1989-2012წწ. ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტროქიმიური ინჟინერინგის კათედრის სრული პროფესორი, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიისა და საერთაშორისო ელექტროქიმიური საზოგადოების ნამდვილი წევრი გიორგი აგლაძე. 2012 წლიდან ლაბორატორიას ხელმძღვანელობს ქიმიის აკადემიური დოქტორი გიგლა წურწუმია.
ამჟამად ლაბორატორიაში მუშაობს 14 თანამშრომელი: მთავარი მეცნიერთანამშრომელი — 2; უფროსი მეცნიერთანამშრომელი — 5; მეცნიერ თანამშრომელი — 6; ინჟინერი — 1.
ლაბორატორიაში არსებობს ჯგუფები, რომლებშიც მიმდინარეობს შემდეგი სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები:
- კოროზიამედეგი მანგანუმშემცველი შენადნობებისა და კომპოზიციური დანაფარების ელექტროქიმიური სინთეზის საფუძვლების დამუშავება. (ხელმძღვანელი, მთავარი მც.თანმაშრომელი გიგლა წურწუმია);
- ჭიათურის მანგანუმის ოქსიდური მადნებიდან სამი პროდუქტის — ელექტროლიზური ლითონური მანგანუმის (ელმ), აქტიური მსხვილკრისტალური γ-მოდიფიკაციის ელექტროლიზური მანგანუმის დიოქსიდის (ემდ) და მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატის (მსმ) ერთობლივი მიღების ჰიდროელექტრომეტალურგიული ტექნოლოგიის საფუძვლების შემუშავება. (ხელმძღვანელი, მთავარი მც.თანმაშრომელი გიგლა წურწუმია);
- ბიოლოგიურად აქტიური სუსტი მრავალფუძიანი ორგანული მჟავების ელექტროლიტური დისოციაციის პროცესების თეორიული ანალიზი და მათი პარამეტრების განსაზღვრა ორიგინალური განტოლებების გამოყენებით (ხელმძღვანელი, მთავარი მეც.თანამშრომელი ელენე კვარაცხელია);
- სათბობის დენის წყაროების ახალი სისტემების შექმნა და მათი საექსპლოატაციო მახასიათებლების გაუმჯობესების მიზნით ახალი საელექტროდე, სამემბრანო და საკონსტრუქციო მასალების დახვეწა (ხელმძღვანელი, უფ.მეცნიერთანამშრომელი პაატა ნიკოლეიშვილი);
- ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების გაწმენდა-გაუსნებოვნება პირდაპირი ელექტროლიზით გამოყენების ადგილზე (in situ) დეზინფექტანტების გენერაციის ანოდური, კათოდური, კომბინირებული მთოდების შემუშავებით (ხელმძღვანელი, უფ.მეცნიერ-თანამშრომელი გიორგი გორელიშვილი);
- პოლარულ გამხსნელებში მუხტის თერმული და ფოტოგადატანის თეორიის (დოღონაძე—კუზნეცოვი) შემდგომი განვითარება და მისი აპრობირება ფოტო-სინთეზირებად სისტემებსა და ჰემისშემცველ ცილებზე (ხელმძღვანელი, მეცნიერ-თანამშრომელი მერაბ ზაქარაია).
ლაბორატორიაში არის თანამედროვე ტიპის შემდეგი დანადგარები:
- დენის გამმართველები 2 ცალი: YK-AD 6025;
- პოტენციოსტატი მოდელი CHI 600E SN:F1508;CH Instruments, Inc.
- ატომურ-აბსორბციული სპექტროფოტომეტრი AAS AA 320N ;
- სპექტროფოტომეტრი HACH DR/4000V;
- თანამედროვე მექანიკური სარეველა MM-1000;
- პრეციზიული pH მეტრი მოდელი MP512;
- ცენტრიფუგა 800D;
- ციფრული ანალიზური სასწორები: JA1203B;HS-1002N