თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალთან დაკავშირებით, 26 და 28 სექტემბერს თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტმა უმასპინძლა ქ.თბილისის № 133 საჯარო სკოლისა (პასუხისმგებელი პირები ნათია მაზანაშვილი და ლია გელაშვილი) და სსიპ #18 სკოლის ( პასუხისმგებელი პირი-ტატიანა ისაკაძე) მოსწავლეებს.
ინსტიტუტის სწავლულმა მდივანმა, მთავარმა მეცნიერმა თანამშრომელმა ნათელა ანანიაშვილმა ისაუბრა ინსტიტუტის წარსულ მიღწევებსა და ამჟამინდელ საქმიანობაზე. მან აღნიშნა, რომ დღეისათვის ინსტიტუტში მუშაობს 100-მდე მეცნიერ-თანამშრომელი, რომლებიც ჩართული არიან სახელმწიფო ათწლიანი სამეცნიერო კვლევების პროგრამის “ნანოქიმიის, ზოგიერთი ადგილობრივი ნედლეულის გადამუშავების ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის მეცნიერული საფუძვლების შემუშავება”, განსახორციელებელ პროექტებში. აღინიშნა, ასევე, რომ დაფინანსების გაზრდამ საშუალება მისცა ინსტიტუტს 2015 წლიდან დღემდე შეეძინა მეტად საჭირო და მაღალი დონის აპარატურა, რითაც შესაძლებელი გახდა ინსტიტუტის კვლევები განხორციელებულიყო მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო კვლევების კვალდაკვალ.
მან ისაუბრა, აგრეთვე, ფესტივალის ფარგლებში, სამეცნიერო ინსტიტუტებში გაცნობითი ხასიათის სემინარების მოწყობის მნიშვნელობაზე სკოლის მოსწავლეებისათვის „ასეთმა სტუმრობამ ზოგიერთ ახალგაზრდაზე შესაძლებელია დიდი გავლენა იქონიოს, შემდგომში პროფესიის არჩევაზე“.
ამის შემდგომ მოსწავლეებს ჩაუტარდათ საჩვენებელი ექსპერიმენტები გ.აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორიაში, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, ნანა ქოიავას, რ.დოღონაძის სახ. თეორიული კვლევების ლაბორატორიაში, უფროსი მეცნიერ თანამშრომლის - ელზა ცხაკაიას მიერ და ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის ლაბორატორიაში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, რუსუდან გიგაურის მიერ.
საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისათვის ინსტიტუტის აპარატურული ცენტრის დათვალიერება, სადაც უფროსმა მეცნიერმა თანამშრომლმა, დალი ძანაშვილმა წარმოადგინა თანამედროვე ანალიზური და სხვა გამზომი ხელსაწყოები.