თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
ინსტიტუტი დაარსებულია 1956 წელს, გამოეყო რა 1946 წელს დაფუძნებულ ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტს და თავდაპირველად ეწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, შემდგომში კი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი. დაარსების მიზანი იყო ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულიდან კონკურენტუნარიანი პროდუქტების მიღების ტექნოლოგიების შემუშავების ამოცანების გადაწყვეტისთვის.
ინსტიტუტში შექმნილი ტექნოლოგიები განხორციელდა მსხვილი წარმოებების სახით:
- პირველად ევროპაში გაშვებულ იქნა ზესტაფონის ელექტროლიზური ლითონური მანგანუმის საამქრო, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფდა ამ პროდუქტზე სსრკ-ს და აღმოსავლეთ ევროპის მოთხოვნილებას;
- რუსთავის ს/გ "აზოტში" ამუშავდა კალიუმის პერმანგანატის ელექტროქიმიური მიღების საამქრო (ფარავდა სსრკ მოთხოვნილების 1/3);
- რუსთავის ს/გ “აზოტში” გაეშვა ელექტროლიზური მანგანუმის დიოქსიდის საცდელ-სამრეწველო საამქრო.
1984 -დან 2006 წლის ჩათვლით (ანუ საქართველოში განათლების და მეცნიერების მოწყობის მოდელის ძირეულად შეცვლამდე) ინსტიტუტში ფუნქციონირებდა სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საკვალიფიკაციო საბჭო, რომელიც იყო ერთადერთი კავკასიის რეგიონში ელექტროქიმიის, ელექტროქიმიური ტექნოლოგიისა და არაორგანული ნივთიერებების ტექნოლოგიის დარგებში. მასზე დაცულია 85 საკანდიდატო, 12 სადოქტორო დისერტაცია.
განვითარების შესაბამისად კვლევები გამრავალფეროვნდა:
ქიმიურ და ელექტროქიმიურ სისტემებში მუხტის გადატანის კვანტურ-მექანიკური თეორია და ექსპერიმენტი, ლითონ-ხსნარის აღნაგობა, ორგანულ და არაორგანულ ნაერთთა ადსორბცია, ელექტროქიმიური კინეტიკა, ელექტროკრისტალიზაცია, თერმოქიმია, რადიაციულ-ქიმიური გარდაქმნები, ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და მათი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები, საქართველოს სასარგებლო წიაღისეულიდან ძვირადღირებული ნაერთების მიღების მეცნიერული წინაპირობების შექმნა, ქიმიური წარმოებების ჩამდინარი წყლების გაწმენდა და ტოქსიკური ნარჩენების უტილიზაცია და სხვა.
საერთაშორისო პროექტები და თანამშრომლობა:
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ინსტიტუტი ფართოდ მონაწილეობდა და ამჟამადაც ახორციელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში. მათ შორისაა ევროკავშირის მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7), ბრიტანული დახურული ბირთვული ქალაქების პროგრამის (CNCP), შვეიცარიის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით განხორციელებული პროექტები. ასევე საპარტნიორო პროექტები აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტის, ნაციონალური ლაბორატორიების (ლივერმორის, ლოს ალამოსის) და კერძო ინვესტორების (Long Arc Technology, G3C Technology, Planetary Technology In) დაფინანსებით.
შემუშავდა ქვეყანაში წყალბადის ენერგეტიკის განვითარების გეგმა და გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 1087 (4 სექტემბერი 2003 წელი) “საქართველოში წყალბადის ენერგეტიკის განვითარების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის და ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების ღონისძიებათა შესახებ”.
მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ინსტიტუტი ვითარდებოდა 2006 წლამდე. საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილებით შეიქმნა სსიპ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, რომელიც 2010 წლის 9 ივლისის N185 დადგენილებით რეორგანიზებულ იქნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულად.
2015 - 2024 წლების სამეცნიერო პროგრამა:
ინსტიტუტმა განხორციელა სახელმწიფო სამეცნიერო კვლევების ათწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 3.3-ჯერ გაიზარდა საბიუჯეტო დაფინანსება. პროგრამამ მოიცვა: მეტალების ნანოფხვნილების მიღება; ნანომასალების მიღება აფეთქებით; ახალი თაობის ლითიუმ-იონური აკუმულატორებისათვის საკათოდე მასალების შემუშავება; სუპერკონდენსატორები; სათბობის ტიპის დენის წყაროები; კოორდინაციული და კომპიუტერული ქიმია; კატალიზი; არაწყალხსნართა ელექტროქიმია; ადგილობრივი წიაღისეულის გადამუშავება და სხვა.
ამჟამად მიმდინარეობს ახალი მრავალწლიანი პროგრამის შემუშავება, რომლის სამი ძირითადი საფუძველი იქნება თანამედროვე ენერგეტიკული, წიაღისეულის და ნარჩენების გადამუშავების და ეკოლოგიის პრობლემები.
დირექტორები სხვადასხვა დროს იყვნენ:
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გრიგორ ტატიშვილი
აკადემიკოსი ჯონდო ჯაფარიძე
აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლევან ჯაფარიძე
აპოლონ ავალიანი
აკადემიკოსი ნიკოლოზ ლანდია
აკადემიკოსი რაფიელ აგლაძე