IICE Slider 1
IICE Slider 2

თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი

ენერგიის გარდაქმნისა და შემნახველი სისტემებისთვის ახალი თაობის მასალების განვითარება

2026 წლის 22 იანვარს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტს ეწვია ტარბიათ მოდარესის უნივერსიტეტის (თეირანი, ირანი) გამორჩეული (Distinguished) პროფესორი მირ ფაზლოლა მოუსავი. პროფესორმა წაიკითხა სამეცნიერო მოხსენება თემაზე „ენერგიის გარდაქმნისა და შემნახველი სისტემებისთვის ახალი თაობის მასალების განვითარება“.მოხსენება დაეთმო განახლებადი ენერგიის სისტემებისთვის განკუთვნილი თანამედროვე მასალების სინთეზს, მათ ფიზიკურ-ქიმიურ დახასიათებას თანამედროვე ანალიზური მეთოდების გამოყენებით (XRD, XPS, XAS, EIS), აგრეთვე აღნიშნული მასალების საფუძველზე დამზადებული მოწყობილობების შემდგომ ლაბორატორიულ ტესტირებას. კერძოდ, წარმოდგენილი იყო ფენოვანი ორმაგი ჰიდროქსიდების (LDH) საფუძველზე მიღებული სულფიზიდირებული საკათოდე კომპოზიტები, აგრეთვე ბორით დოპირებული ელექტროკატალიზატორები ლითონ-ჰაერის ტიპის ბატარეებისთვის.

პროფესორმა ასევე ისაუბრა რეტიკულარული მასალების შესახებ, კერძოდ ლითონ-ორგანული ჩარჩოების (MOF) და მათგან მიღებული Ni/Co-MOF-აღდგენილი გრაფენის ოქსიდის ნანოკომპოზიტების გამოყენებაზე, როგორც მაღალი წარმადობის მქონე საელექტროდო მასალების სუპერკონდენსატორული ენერგიის შემნახველი სისტემებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მისი კვლევითი ჯგუფის მიერ დასინთეზებული მრავალფუნქციური, ეპიტაქსიალურად გაზრდილი MOF-ების (Fe, Co, Ni) გამოყენებას ელექტროკატალიზატორებად ჟანგბადის გამოყოფის (OER), წყალბადის გენერაციის (HER) და ჟანგბადის აღდგენის რეაქციებში (ORR), აგრეთვე მათ გამოყენებას ფსევდოკონდენსატორულ ენერგიის შემნახველ მოწყობილობებში.

აღსანიშნავია წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომების მაღალი ხარისხი, რაც დასტურდება შესაბამისი პუბლიკაციებით ისეთ მაღალრეიტინგულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში, როგორიცაა Advanced Energy Materials, Electrochimica Acta, Journal of the American Chemical Society, Chemical Science, Energy & Environmental Science, Small და Advanced Functional Materials.

გაზიარება