განყოფილების მიზანია ახალი, ეფექტური თვისებების მქონე მრავალკომპონენტიანი
ოქსიდური მასალების მიზანმიმართული ძიება და მათი წარმოების ოპტიმალური
ტექნოლოგიური პროცესის შემუშავება, საბაზისო ოქსიდური
სისტემების თერმოდინამიკური და თერმოფიზიკური თვისებების შესწავლით.
კვლევები ითვალისწინებს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:
1. გამოვლინდება კორელაციები ოქსიდური სისტემის შემადგენელ კომპონენთა
მიკროსკოპულ პარამეტრებსა და მაკროსკოპიულ თერმოფიზიკურ
მახასიათებლებს შორის. ამ მონაცემების საფუძველზე შესაძლებელი იქნება
კომპოზიციური ცვლილებების საშუალებით და ოქსიდების ოპტიმალური
ბალანსის შერჩევით ახალი მასალის თვისებების მიზანმიმართული მართვა ან
პროგნოზირება;
2. საყისი ოქსიდებიდან რთული შედგენილობის ნაერთების ფორმირების პროცესის
შესწავლა თერმოგრავიმეტრული კვლევის საფუძველზე და ამ პროცესის
ეტაპებისა და შუალედური წარმონაქმნების დადგენა;
3. ჩვენს მიერ მოპოვებული და ლიტერატურული მონაცემების საფუძველზე,
რთული ოქსიდების საბაზისო თერმოდინამიკური პარამეტრების
კომპიუტერული ბანკის შეიქმნა, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს პროცესების
ენერგეტიკულ შეფასებას და ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიური პროცესების
შერჩევას. ამავე მიზნისათვის შერჩეული ან შემუშავებული
იქნება თერმოდინამიკური პარამეტრების (თბოტევადობა, ენთალპია, ენტროპია)
დადგენის ნახევრად ემპირიული გათვლითი მეთოდები.
მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმობა საკვლევი კომპოზიციებისათვის დამახასიათებელ
სტრუქტურულ, მაგნიტურ, ელექტრულ და სხვა სახის ფაზური გარდაქმნების და
ანომალიების გამოვლენას და მათ ენერგეტიკულ დახასიათებას, აგრეთვე თერმულ
მახასიათებლებზე ნანოსტრუქტურული მდგომარეობის გავლენის ასახვას.
მიღებული მონაცემების ერთობლიობა შექმნის შესაძლებლობას, რომ მიზანმიმართულად
შევარჩიოთ კომპოზიციური ცვლილებები და ენერგოდამზოგავი ტექნილოგიური
პროცესები.
ვინაიდან შესასწავლად გამიზნულია ოქსიდური ნაერთების განსაზღვრული
სტრუქტურული ჯგუფების წარმომადგენლები (შპინელები, პეროვსკიტები, გრანატები,
ჰეგსაგონალური ოქსიდები), რომელთა ანალოგები ფართოდ არის წარმოდგენილი
ბუნებაში, ამიტომ სამუშაოს ფარგლებში მიღებული ინფორმაცია ხელს
შეუწყობს ბუნებრივ პირობებში ამ სტრუქტურების ფორმირების ენერგეტიკული
მხარის გაშუქებას. გათვალისწინებულია აგრეთვე, პრაქტიკული თვალსაზრისით
მნიშვნელოვანი მეთოდის დანერგვა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სახის
მყარი საწვავი მასალების თბოუნარიანობის დადგენას კალორიმეტრული მეთოდის გამოყენებით.