თსუ რ.აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი
ინსტიტუტი დაარსებულია 1956 წელს, გამოეყო რა 1946 წელს დაფუძნებულ ლითონისა და სამთო საქმის ინსტიტუტს და თავდაპირველად ეწოდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, შემდგომში კი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.
დაარსების მიზანი იყო ქვეყნის სასარგებლო წიაღისეულიდან კონკურენტუნარიანი პროდუქტების მიღების ტექნოლოგიების შემუშავების ამოცანების გადაწყვეტისთვის. ინსტიტუტში შექმნილი ტექნოლოგიები განხორციელდა მსხვილი წარმოებების სახით:
- პირველად ევროპაში გაშვებულ იქნა ზესტაფონის ელექტროლიზური ლითონური მანგანუმის საამქრო, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფდა ამ პროდუქტზე სსრკ-ს და აღმოსავლეთ ევროპის მოთხოვნილებას;
- რუსთავის ს/გ “აზოტში” ამუშავდა კალიუმის პერმანგანატის ელექტროქიმიური მიღების საამქრო (ფარავდა სსრკ მოთხოვნილების 1/3);
- რუსთავის ს/გ “აზოტში” გაეშვა ელექტროლიზური მანგანუმის დიოქსიდის საცდელ-სამრეწველო საამქრო.
1984 -დან 2006 წლის ჩათვლით (ანუ საქართველოში განათლების და მეცნიერების მოწყობის მოდელის ძირეულად შეცვლამდე) ინსტიტუტში ფუნქციონირებდა სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საკვალიფიკაციო საბჭო, რომელიც იყო ერთადერთი კავკასიის რეგიონში ელექტროქიმიის, ელექტროქიმიური ტექნოლოგიისა და არაორგანული ნივთიერებების ტექნოლოგიის დარგებში. მასზე დაცულია 85 საკანდიდატო, 12 სადოქტორო დისერტაცია.
განვითარების შესაბამისად კვლევები გამრავალფეროვნდა სხვადასხვა მიმართულებით: ქიმიურ და ელექტროქიმიურ სისტემებში მუხტის გადატანის კვანტურ-მექანიკური თეორია და ექსპერიმენტი, ლითონ-ხსნარის აღნაგობა, ორგანულ და არაორგანულ ნაერთთა ადსორბცია, ელექტროქიმიური კინეტიკა, ელექტროკრისტალიზაცია, თერმოქიმია, რადიაციულ-ქიმიური გარდაქმნები, ბიოლოგიურად აქტიური კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და მათი ფიზიკურ – ქიმიური თვისებები, საქართველოს სასარგებლო წიაღისეულიდან ძვირადღირებული ნაერთების მიღების მეცნიერული წინაპირობების შექმნა, ქიმიური წარმოებების ჩამდინარი წყლების გაწმენდა და ტოქსიკური ნარჩენების უტილიზაცია და სხვა.
დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში ინსტიტუტი ფართოდ მონაწილეობდა და ამჟამადაც ახორციელებს თანამშრომლობას საერთაშორისო პროექტების ფარგლებში და უცხოური ფონდების დაფინანსებით. მათ შორისაა ევროკავშირის მეშვიდე ჩარჩო პროგრამის (FP7), ბრიტანული დახურული ბირთვული ქალაქების პროგრამის (CNCP) ფარგლებში, შვეიცარიის სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით უკვე განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ანმასთანავე, საპარტნიორო პროექტები აშშ ენერგეტიკის დეპარტამენტის და ნაციონალური ლაბორატორიების (ლივერმორის, ლოს ალამოსის) და კერძო ინვესტორების (Long Arc Technology – აშშ, G3C Technology – აშშ, Planetary Technology In – კანადა) დაფინანსებით, აგრეთვე საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით. გარდა ამისა, ინსტიტუტში ჩატარებული კვლევების საფუძველზე, თავის დროზე შემუშავდა ქვეყანაში წყალბადის ენერგეტიკის განვითარების გეგმა და გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება № 1087 (4 სექტემბერი 2003 წელი) “ საქართველოში წყალბადის ენერგეტიკის განვითარების, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კომპანიებთან თანამშრომლობის და ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების ღონისძიებათა შესახებ”.
მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში ინსტიტუტი ვითარდებოდა 2006 წლამდე, შემდეგ კი, ზემოთნახსებ საქართველოში განათლების და მეცნიერების მოწყობის მოდელის ცვლილების ფარგლებში, მის ბაზაზე საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის N58 დადგენილებით შეიქმნა სსიპ რაფიელ აგლაძის არაორგანული ქიმიის და ელექტროქიმიის ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს მთავრობის 2010 წლის 9 ივლისის N185 დადგენილებით რეორგანიზებულ იქნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულად.
2015 – 2024 წლებში ინსტიტუტმა განახორციელა სახელმწიფო სამეცნიერო კვლევების ათწლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც 3.3-ჯერ გაიზარდა წლიური საბიუჯეტო პროგრამული დაფინანსება და რომელმაცც მოიცვა მრავალი მიმართულებას, კერძოდ: თეორიული კვლევის ახალი მეთოდებით არარეგულარულ ნანო- და მეზოსკოპურ ქიმიურ და ელექტროქიმიურ სისტემებში მუხტისა და ენერგიის გადატანის პროცესების კომპლექსური შესწავლა; მეტალების ნანოფხვნილებისა მიღება; ნანომასალების მიღება აფეთქებით; თერმომედეგი, ცეცხლმედეგი, კოროზიამედეგი, რადიაციამედეგი მასალების შემუშავება; ახალი თაობის ლითიუმ-იონური აკუმულატორებისათვის ელექტროქიმიურად აქტიური ნანოსტრუქტურული საკათოდე მასალების შემუშავება; სუპერკონდენსატორები; სათბობის ტიპის დენის წყაროები; თერმოქიმიური კვლევები; კოორდინაციული და კომპიუტერული ქიმია; კატალიზი; რადიაციული ქიმია; არაორგანული პოლიმერები; არაწყალხსნართა ელექტროქიმია; ლღობილთა ელექტროლიზი; ადგილობრივი წიაღისეულისა და მინერალური ნედლეულის გადამუშავებით კონკურენტუნარიანი პროდუქტების მიღება; წყლების გაწმენდა-გაუსნებოვნება; მყარი ნარჩენების უტილიზაცია და სხვ.
ამჟამად მიმდინარეობს ახალი მრავალწლიანი პროგრამის შემუშავება, რომლის სამი ძირითადი საფუძველი იქნება თანამედროვე ენერგეტიკული, წიაღისეულის და ნარჩენების გადამუშავების და ეკოლოგიის პრობლემები.
დირექტორები სხვადასხვა დროს იყვნენ:
- აკადემიის წევრ-კორესპონდენტი გრიგორ ტატიშვილი (2007- )
- აკადემიკოსი ჯონდო ჯაფარიძე (1996-2006)
- აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ლევან ჯაფარიძე (1980-1996)
- აპოლონ ავალიანი (1972-1980)
- აკადემიკოსი ნიკოლოზ ლანდია (1960-1972)
- აკადემიკოსი რაფიელ აგლაძე (1956-1960)